Monday, January 4, 2010

ჩვენებურები - გურჯების ისტორია

        გურჯები ის ქართველებია, რომლებიც ცხოვრობენ თურქეთში, ქართულად მეტყველებენ და დღემდე აქვთ შემონახული ძველი ქართული ადათ-წესები. ისინი ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და თურქეთის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. ტაო-კლარჯეთში, რომელიც ძველი მესხეთის ნაწილია, ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი მდებარეობს: ოშკი, ხახული, იშხანი, ოთხთა, პარხალი, ტბეთი, ბანა, დოლისყანა, ხანძთა და სხვ. აქვეა უამრავი ციხე-სიმაგრე და ხიდი, რომელთაც თამარის სახელს უკავშირებენ.
მესხეთი საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით უფრო ახლოს იყო ძველი კულტურისა და განათლების ქვეყნებთან: პალესტინასთან, ბიზანტიასთან, კაბადოკიასთან, რომთან. ამიტომ აქ უფრო იოლად აღწევდა ამ ქვეყნების სიახლეები. საქართველოს კუთხეებიდან სწორედ მესხეთში გავრცელდა პირველად ქრისტიანობა. ამ კუთხის შვილები იყვნენ აშოტ და დავით კურაპალატები, შოთა რუსთაველი, წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები. აქ მოღვაწეობდა წმინდა მამა გრიგოლ ხანძთელი. ამ კუთხემ დიდი როლი ითამაშა დანაწევრებული საქართველოს გაერთიანებაში. მესხეთი საქართველოს განაპირა კუთხე იყო, ამიტომ მტერი, პირველ რიგში, ამ კუთხეს აწიოკებდა. შესაბამისად, მესხები დიდი პატრიოტები იყვნენ. სწორედ ამიტომ გაერთიანებული საქართველოს ლაშქარს წინ ყოველთვის მესხები მიუძღოდნენ და მომხდურს პირველად ისინი ეკვეთებოდნენ.
ტაო-კლარჯეთის ქართველობა ოსმალეთის საზღვრებში აღმოჩნდა XVI საუკუნეში, როდესაც ოსმალებმა მესხეთი დაიპყრეს. მესხების უდიდესი ნაწილი საუკუნეთა განმავლობაში იძულებული გახდა მაჰმადიანობა მიეღო. ამ კუთხეში სარწმუნოებასთან ერთად თურქული ენაც მტკიცედ იკიდებდა ფეხს. საუკუნეების განმავლობაში მესხეთის ბევრ კუთხეში დაიკარგა ქართული ენა და ქართველობის შეგრძნება. თუმცა ნაწილი მესხებისა ინარჩუნებდა მშობლიურ ენასა და ქართველობას.XIX საუკუნეში გაძლიერებულმა რუსეთის იმპერიამ დაამარცხა ოსმალეთი და მესხეთის დიდი ნაწილი საქართველოს შემოუერთა. ამ პერიოდში მოხდა მუსლიმი ქართველების გადასახლება - „მუჰაჯირობა“ ოსმალეთში. ათიათასობით ქართველი რელიგიური მოსაზრებით აიყარა წინაპართა მიწა-წყლიდან, ოსმალეთის სხვადასხვა კუთხეში ჩასახლდა და ქართული დასახლებები შექმნა.გურჯები, შეძლებისდაგვარად, ცდილობენ ძველი ადათ-წესებისა და ტრადიციების დაცვას. ისინი ზაფხულობით, ერთ დათქმულ დღეს, გადიან იალაღებზე და სახალხო დღესასწაულებს აწყობენ, სადაც ერთმანეთს ეპაექრებიან სიმღერაში, ცეკვაში, შაირობაში, ჭიდაობაში. ასეთი დღეობების ტრადიცია, ძირითადად, ართვინის ვიაილეთშია შემორჩენილი.დღეს თურქეთის ნებისმიერ ქალაქში შეიძლება შეხვდეთ ქართულად მოლაპარაკე ადამიანებს. მათ კარგად იციან თავიანთი წარმომავლობა, ქართული გვარები, სიმღერები, გადმოცემები და ზღაპრები. აინტერესებთ თავიანთი სამშობლოს - საქართველოს დღევანდელი დღე და ფიქრობენ მის მომავალზე.

Sunday, December 27, 2009

გრიგოლ ხანძთელი

    გრიგოლ ხანძთელი (759–861.წწ) ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ვრცლად აღწერა გიორგი გიორგი მერჩულემ. გრიგოლ ხანძთელი დაიბადა ქართლში წარჩინებულ ოჯახში, 759 წელს. აღიზარდა ქართლის ერისთავის ნერსეს კარზე (ნერსეს მეუღლის ძმისწული და შვილობილი იყო). თავისი დროისათვის ბრწყინვალე განათლება მიიღო. აღმზრდელთა და ქართლის დიდებულთა ნებით მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ, როცა მისი ეპისკოპოსად კურთხევა განიზრახეს, ფარულად მიატოვა ქართლი და VIII საუკუნის 80-იანი წლებიდან კლარჯეთში დაიწყო მოღვაწეობა. ჯერ ოპიზაში ცხოვრობდა, შემდეგ ხანძთაში დასახლდა და საერო ხელისუფალთა დახმარებით გააჩაღა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რომელშიც ჩააბა თანამოღვაწეთა დიდი დასი.გრიგოლ ხანძთელმა იცხოვრა 102 წელი და გარდაიცვალა 861 წელს.
        გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში, იქ მან ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში — დედათა სავანეები. დასავლეთ საქართველოში დააარსა უბისის მონასტერი. გრიგოლ ხანძთელის წაბაძვით მისმა მოწაფეებმა იწყეს მონასტრების მშენებლობა იშხანში, ბარეთელთაში, წყაროსთავში, ნეძვში და სხვა. გრიგოლ ხანძთელი ცხოველ მონაწილეობას იღებდა კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. IX საუკუნის 30-იან წლებში იგი კლარჯეთის მონასტერთა არქიმანდრიტად დაადგინეს. მისი ენერგიული ჩარევით გადააყენეს თბილისის ამირა საჰაკის აგენტი — ანჩის ეპისკოპოსი ცქირი.
    გრიგოლ ხანძთელმა დიდი როლი შეასრულა IX საუკუნის 50-იან წლებში ჯავახეთში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე, რომელმაც არსენ I-ის კათოლიკოსად არჩევის კანონიერების საკითხი გაარჩია. მისი მხარდაჭერით არსენი დარჩა კათოლიკოსად.
     გრიგოლ ხანძთელის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ხანძთა (აქედანაა მისი ზედწოდება) ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად იქცა. გრიგოლ ხანძთელი იყო მის მიერ დაარსებულ მონასტრებში გაჩაღებული მრავალმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის სულისჩამდგმელი. გიორგი მერჩულის ცნობით, მას საბაწმინდის მონასტრის წესის საფუძველზე თავისი ძმობის წევრთათვის შეუდგენია ქტიტორული ტიბიკონი და შეუთხზავს ჰიმნოგრაფიული კრებული „საწელიწდოჲ იადგარი“ — ლიტურგიკული კრებული მთელი წლისა.





Saturday, December 26, 2009

ოშკი



ოშკის ტაძარი მთის კალთაზე დგას, მდინარე თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე, იქ, სადაც ეს წყალი ერთვის თორთუმის ტბას, რომელიც დაახლოებით 1791 წელს შემთხვევით დაგუბების შედეგად წარმოქმნილა.

ტაძარი ნაგებია მოყვითალო-წითელი, წმიდად თლილი ქვით და, მიუხედავად საგრძნობი დაზიანებისა, დღესაც აოცებს მნახველს სიდიადით, სიმაღლითა და ყველა ნაწილის პროპორციულობით, ქანდაკოვანი დეკორითა და სხვადასხვაგვარი პოლიქრომული სამკაულით. სიდიდისა და ქანდაკოვანი სამკაულის მხრივ ეს ტაძარი ტაოში მეორეა ბანას მრგვალი ტაძრის შემდეგ. ოშკი ცენტრალურ-გუმბათოვანი და სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ტაძრების ნაზავია. იგი იმეორებს იშხნის გეგმას, თუმცა მასზე მასშტაბურია და წაგრძელებული ფორმა აქვს. გუმბათოვანი ტაძარი სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნის. ტაძარი აგებულია ოთხ სვეტზე, რომელსაც გუმბათი ეყრდნობა. ოშკის სიგრძე 38,5 მეტრია, სიგანე - 36 მეტრი, სიმაღლე 40 მეტრი და ქართულ ტაძრებს შორის იგი ერთ-ერთი უდიდესია.

ოშკის ამშენებელნი ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნერსე III კურაპალატის (+961) შვილები - ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი (+966) და დავით მაგისტროსი, შემდგომ დავით დიდად წოდებული, ტაოს კურაპალატი (+1001). ტაძრის მშენებლობა დასრულებულა 958-961 წლებში, მშენებლობის გამგე ყოფილა გრიგოლ ოშკელი, ხოლო ხუროთმოძღვარი - ერისკაცი ვინმე, რომელსაც თავისი გამოსახულება აღმოსავლეთ ფასადზე მოუთავსებია. ამ ქვის მარტოოდენ ქვედა ნაწილია შემორჩენილი. ბარელიეფის ორივე მხარეს დაცულია მცირე წარწერა, რომელიც ასე იკითხება: ხუროთმოძღვარი ტაძარს „ათსა წელსა აშენებდა“.

სამხრეთ გალერეის ბოლოს, მაჰმადიანთა მიერ ამჟამად უკვე ამოქოლილ კამარაში შემორჩენილია ერთი ლამაზი, ორნამენტოვანი სვეტი. მეორე სვეტის წახნაგები კი უხვადაა შემკული რელიეფური ფიგურებით (კოზმა და დამიანესი, ვედრების კომპოზიცია, წმიდა ნინოსი, გრიგოლ ოშკელისა და წარწერა - „ქრისტე შეიწყალე მონაი შენი გრიგოლ“, ხოლო ფერადებით დახატულია ვედრების კომპოზიცია, ყველა ანგელოზთა დასი, მახარებელთა ემბლემები). ეს ერთადერთი შემთხვევაა ქართულ ტაძრებში სვეტების ამგვარად შემკობისა.

ტაძრის შიდა კედლები 1036 წელს საუცხოო ფრესკებით მოუხატავთ, მაგრამ საუცხოო ფრესკებით მოუხატავთ, მაგრამ მათგან მცირე რამ შემორჩენილა და ისიც დაზიანებულია. გარეთა კედლები დაფარულია მრავალრიცხოვანი ასომთავრული, მეტწილად წითელფერადოვანი წარწერებით, რომელთაგან 15 წარწერა იკითხება. ისინი ძვირფას ცნობებს გვაწვდიან ტაძრის მშენებლებისა და სხვა ისტორიულ პირთა შესახებ.

ტაძარს ადრე ოთხი კარი ჰქონია. მთავარ კართან არის ასევე წითელ ფერში შესრულებული ასომთავარული წარწერა, რომელშიც ნახსენები არიან ადარნასე კურაპალატი და მისი შვილები ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი და დავით კურაპალატი.

„ეს იყო გალატოზთა და მოქმედთა მიზდი და აზავერთა მექვიშეთაი, რომელიც წელიწადსა წაეგების დრამა 20 ათასი, ღუინო - ფისოსი 5 ათასი, რკინა ლიტრა 60, ხუარბალ - გრივი 250, გალატოზი და ხურო და მფედელი, რომელი მარადით შურებოდა - 70. ხარი, რომელ ქვასა კრებდა - 30, ჯორი და სხუაი აზავერი, რომელი გრიგოლ-წმიდით სპინდიაკსა კრებდა - 60 და ყოველი ერი და მოქმედი 80“ - წერია კედელზე...


იშხანი


იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა. საბამ ტაძარი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომელიც აშენებული იყო VII საუკუნის I ნახევარში, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, ნერსეს მიერ. ნერსეს ტაძარი იშხანში საბას სულ დანგრეული დახვედრია. პირველი ტაძრისაგან გადარჩენილი საკურთხევლის ნახევრადწრიული აბსიდი სვეტებზე დაყრდნობილი თაღების მწკრივით ნერსეს პატივსაცემად და სახსოვრად საბას მთლიანად მოუცევია ახალ შენობაში.
                                                                                                             
იშხანი ცენტრაულ-გუმბათოვანი ტაძრისა და სამნავიანი ბაზილიკის გაერთიანებას წარმოადგენს. თავდაპირველად საბას ტაძარი ნაშენი იყო ოდნავ თლილი პატარა ქვებით, მაგრამ XI საუკუნის I ნახევარში იგი ორჯერ განახლებულა. მეორე განახლება მეფე ბაგრატ IV-ის დროს, 1032 წელს მომხდარა. ამ დროს ტაძრის ყველა კედელი გარედან ლამაზად თლილი წითელ-ყვითელი ფილებით შეიძერწა. ეს დიდი და ძირითადი განახლება იშხნელი ეპისკოპოსის, ანტონის თაოსნობითა და ზედამხედველობით მოხდა, ხოლო ხუროთმოძღვარი იყო ივანე მორჩაისძე.
ტაძრის ახლანდელი დასავლეთი კარი გადაკეთებულია მაჰმადიანთა მიერ, რომლებმაც ტაძრის დასავლეთი მკლავი ჯამედ აქციეს. ამ უკანასკნელმა გარემოებამ გადაარჩინა იშხნის ტაძარი სრული განადგურებისაგან.

ტაო-კლარჯეთი

 IX საუკუნეში ტაო-კლარჯეთის მხარეში სამონასტრო ცხოვრების მეთაური გახდა გრიგოლ ხანძთელი. ეს მხარე ძველთაგანვე დასახლებული ყოფილა ქართველური ტომებით: ჭანებითა და მეგრელებით. VIII საუკუნის პირველ ნახევარში მურვან ყრუს შემოსევის გამო ეს მხარე მთლიანად აოხრდა. სწორედ ამით აიხსნება, რომ როდესაც გრიგოლ ხანძთელი აქ მოვიდა, „მას ჟამსა სხუაი მონასტერი არა შენ იყო მათ ქუეყანათა, თვინიერ ოპიზისა, და არცა მსოფლიონი ერისკაცნი ახლვიდეს ახლად შენებისათვის მათ ქუეყანათაისა; რამეთუ კლარჯეთს და ტაოთა შინა და შავშეთს და ყოველთა მათ მახლობელთა ქუეყანათა მცირედნი იპოვებოდეს და დაშენებულ ტყეთა შინა ადგილ-ადგილ“. VIII საუკუნის 50-იან წლებში აქ დამკვიდრებულან ქართველები და მონასტერი იოანე ნათლისმცემლის სახელზე განუახლებიათ. ოპიზა იქცა ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცხოვრების კერად. აქ მოღვაწეობდნენ მიქაელ პარეხელი, გიორგი მაწყვერელი. ოპიზა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ქართული მწერლობისა, აქ გადაწერილა ბევრი საყურადღებო ძეგლი ამ პერიოდისა და შემდეგი დროის მწერლობისა. მაგალითად, აქ 913 წელს გადაწერილია ე.წ. ოპიზის სახარება.

გრიგოლ ხანძთელმა ააშენა ხუთი მონასტერი: სამი მამათა და ორი დედათა. მათგან შატბერდი აშოტ კურაპალატმა „აგარაკად ხანძთისა“ გააჩინა. მის დროსვე დაარსებულა წყაროსთავის მონასტერიც დავით მიძნაძორელის მოწაფის, ილარიონის მიერ, რომელიც მერე „კათალიკოზ იქმნა მცხეთას“. ამ დროს ეკუთვნის ტბეთის მონასტერი, სადაც ზაქარია ანჩელ ეპისკოპოსს რამდენიმე სასწაული აღუსრულებია.