Saturday, December 26, 2009

ოშკი



ოშკის ტაძარი მთის კალთაზე დგას, მდინარე თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე, იქ, სადაც ეს წყალი ერთვის თორთუმის ტბას, რომელიც დაახლოებით 1791 წელს შემთხვევით დაგუბების შედეგად წარმოქმნილა.

ტაძარი ნაგებია მოყვითალო-წითელი, წმიდად თლილი ქვით და, მიუხედავად საგრძნობი დაზიანებისა, დღესაც აოცებს მნახველს სიდიადით, სიმაღლითა და ყველა ნაწილის პროპორციულობით, ქანდაკოვანი დეკორითა და სხვადასხვაგვარი პოლიქრომული სამკაულით. სიდიდისა და ქანდაკოვანი სამკაულის მხრივ ეს ტაძარი ტაოში მეორეა ბანას მრგვალი ტაძრის შემდეგ. ოშკი ცენტრალურ-გუმბათოვანი და სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ტაძრების ნაზავია. იგი იმეორებს იშხნის გეგმას, თუმცა მასზე მასშტაბურია და წაგრძელებული ფორმა აქვს. გუმბათოვანი ტაძარი სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნის. ტაძარი აგებულია ოთხ სვეტზე, რომელსაც გუმბათი ეყრდნობა. ოშკის სიგრძე 38,5 მეტრია, სიგანე - 36 მეტრი, სიმაღლე 40 მეტრი და ქართულ ტაძრებს შორის იგი ერთ-ერთი უდიდესია.

ოშკის ამშენებელნი ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნერსე III კურაპალატის (+961) შვილები - ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი (+966) და დავით მაგისტროსი, შემდგომ დავით დიდად წოდებული, ტაოს კურაპალატი (+1001). ტაძრის მშენებლობა დასრულებულა 958-961 წლებში, მშენებლობის გამგე ყოფილა გრიგოლ ოშკელი, ხოლო ხუროთმოძღვარი - ერისკაცი ვინმე, რომელსაც თავისი გამოსახულება აღმოსავლეთ ფასადზე მოუთავსებია. ამ ქვის მარტოოდენ ქვედა ნაწილია შემორჩენილი. ბარელიეფის ორივე მხარეს დაცულია მცირე წარწერა, რომელიც ასე იკითხება: ხუროთმოძღვარი ტაძარს „ათსა წელსა აშენებდა“.

სამხრეთ გალერეის ბოლოს, მაჰმადიანთა მიერ ამჟამად უკვე ამოქოლილ კამარაში შემორჩენილია ერთი ლამაზი, ორნამენტოვანი სვეტი. მეორე სვეტის წახნაგები კი უხვადაა შემკული რელიეფური ფიგურებით (კოზმა და დამიანესი, ვედრების კომპოზიცია, წმიდა ნინოსი, გრიგოლ ოშკელისა და წარწერა - „ქრისტე შეიწყალე მონაი შენი გრიგოლ“, ხოლო ფერადებით დახატულია ვედრების კომპოზიცია, ყველა ანგელოზთა დასი, მახარებელთა ემბლემები). ეს ერთადერთი შემთხვევაა ქართულ ტაძრებში სვეტების ამგვარად შემკობისა.

ტაძრის შიდა კედლები 1036 წელს საუცხოო ფრესკებით მოუხატავთ, მაგრამ საუცხოო ფრესკებით მოუხატავთ, მაგრამ მათგან მცირე რამ შემორჩენილა და ისიც დაზიანებულია. გარეთა კედლები დაფარულია მრავალრიცხოვანი ასომთავრული, მეტწილად წითელფერადოვანი წარწერებით, რომელთაგან 15 წარწერა იკითხება. ისინი ძვირფას ცნობებს გვაწვდიან ტაძრის მშენებლებისა და სხვა ისტორიულ პირთა შესახებ.

ტაძარს ადრე ოთხი კარი ჰქონია. მთავარ კართან არის ასევე წითელ ფერში შესრულებული ასომთავარული წარწერა, რომელშიც ნახსენები არიან ადარნასე კურაპალატი და მისი შვილები ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი და დავით კურაპალატი.

„ეს იყო გალატოზთა და მოქმედთა მიზდი და აზავერთა მექვიშეთაი, რომელიც წელიწადსა წაეგების დრამა 20 ათასი, ღუინო - ფისოსი 5 ათასი, რკინა ლიტრა 60, ხუარბალ - გრივი 250, გალატოზი და ხურო და მფედელი, რომელი მარადით შურებოდა - 70. ხარი, რომელ ქვასა კრებდა - 30, ჯორი და სხუაი აზავერი, რომელი გრიგოლ-წმიდით სპინდიაკსა კრებდა - 60 და ყოველი ერი და მოქმედი 80“ - წერია კედელზე...


0 comments:

Post a Comment