Saturday, December 26, 2009

იშხანი


იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა. საბამ ტაძარი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომელიც აშენებული იყო VII საუკუნის I ნახევარში, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, ნერსეს მიერ. ნერსეს ტაძარი იშხანში საბას სულ დანგრეული დახვედრია. პირველი ტაძრისაგან გადარჩენილი საკურთხევლის ნახევრადწრიული აბსიდი სვეტებზე დაყრდნობილი თაღების მწკრივით ნერსეს პატივსაცემად და სახსოვრად საბას მთლიანად მოუცევია ახალ შენობაში.
                                                                                                             
იშხანი ცენტრაულ-გუმბათოვანი ტაძრისა და სამნავიანი ბაზილიკის გაერთიანებას წარმოადგენს. თავდაპირველად საბას ტაძარი ნაშენი იყო ოდნავ თლილი პატარა ქვებით, მაგრამ XI საუკუნის I ნახევარში იგი ორჯერ განახლებულა. მეორე განახლება მეფე ბაგრატ IV-ის დროს, 1032 წელს მომხდარა. ამ დროს ტაძრის ყველა კედელი გარედან ლამაზად თლილი წითელ-ყვითელი ფილებით შეიძერწა. ეს დიდი და ძირითადი განახლება იშხნელი ეპისკოპოსის, ანტონის თაოსნობითა და ზედამხედველობით მოხდა, ხოლო ხუროთმოძღვარი იყო ივანე მორჩაისძე.
ტაძრის ახლანდელი დასავლეთი კარი გადაკეთებულია მაჰმადიანთა მიერ, რომლებმაც ტაძრის დასავლეთი მკლავი ჯამედ აქციეს. ამ უკანასკნელმა გარემოებამ გადაარჩინა იშხნის ტაძარი სრული განადგურებისაგან.

0 comments:

Post a Comment